მედია ცენტრი

22 სექტემბერი – დღე ავტომობილის გარეშე 2019

22 სექტემბერს საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველომსვლელობას გამართა, რომელიც გაიმართა ევროპის მობილობის კვირეულისა და „სუფთა ჰაერისთვის'' კამპანიის ფარგლებში.

"მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე" 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თბილისი მე-4 წელია უერთდება მსოფლიო კამპანიას, რაც მიზნად ისახავს გარემოზე ზრუნვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას და მოქალაქეებში ეკო-ქცევის წახალისებას.

დღის მთავარი მოწოდება იყო - მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი - ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა.

ველოგარბენის მარშრუტი იყო: უნივერსიტეტის ქ. #2, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 კორპუსის (ე.წ. მაღლივი) მიმდებარე ტერიტორიიდან, ქავთარაძის, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების გავლით, მრბოლელთა ნაკადი შარტავას ქუჩაზე თბილისის მერიის წინ სკვერში დაასრულებს გარბენს. მარშრუტის დისტანცია დაახლოებით 6 კმ-ია.

გარბენის დასრულების შემდეგ დაჯილდოვდნენ საგზაო უსაფრთხოების ჩემპიონები სუფთა ჰაერისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში გამოირჩევიან ამ თემის მხარდაჭერით და ეფექტური ადვოკატირებით.

ღონისძიების თანამასპინძელი და საპატიო სტუმარი იყო გაეროს ელჩი საქართველოში ქალბატონი საბინა მახლი.

ველოგარბენში მონაწილეობდნენ საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების, მედიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები; ასევე სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.

#MobilityWeek #WalkWithUs #WorldCarFreeDay #ForCleanAir #სუფთაჰაერისთვის