ჩვენ შესახებ

ჰაერის სასიცოცხლო მნიშვნელობა დედამიწაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის შეუფასებელია. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ატმოსფეროში დამბინძურებლების, კერძოდ კი ისეთი მავნე ნივთიერებების, როგორიცაა: ნახშირბადის, აზოტისა და გოგირდის ოქსიდების, მტვრის მცირე ზომის ნაწილაკების, ორგანული ნაერთების და ა.შ. დაშვებულზე მაღალი კონცენტრაციები უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებსა და მატერიალურ ფასეულობებზე.

2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად (ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ) ჰაერის დაბინძიურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.

ბოლო წლების განმავლობაში დაბინძურებული ჰაერის გამო საგრძნობლად იმატა გულსისხლძარღვთა, რესპირატორული და ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა, რაც პირდაპირ კავშირშია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან.

ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო გაუმართავი ავტოტრანსპორტი და გამონაბოლქვია, რომელიც მთლიანი გაფრქვევების 71%-ს შეადგენს.

ჩვენი კამპანიის "სუფთა ჰაერისთვის" ფარგლებში ოცამდე კერძო კომპანია შემოგვიერთდა, რომლებიც მოახდენენ როგორც ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების ადვოკატირებას, ასევე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის წარმოებას.

სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე კერძო კომპანიების მიერ კამპანიაში ჩართულობა გამოიხატება "მწვანე" პროდუქტების შექმნით, საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებით, ეკო-ინიციატივების დანერგვით, ეკო-ავტომობილების გამოყენებით, მწვანე სივრცეების მოწყობით, თანამშრომლებში ნებაყოფლობითი ტექ-ინსპექტირების წახალისებით და სხვა.

კამპანია ხორციელდება ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მიერ და საბანკო, სადაზღვევო, საავტომობილო კომპანიების, ნავთობკომპანიების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სასტუმრო ინდუსტრიების აქტიური მონაწილეობით.